ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან…

zgvrj ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან
ალოდინეს და … მეთხუთმეტე კაცად შევიდა,
ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება,
ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე,
ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა,-
მეფეს ხალხზე უფრო კატა ეცოდება.

ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა;
ოჰ, ოჰ … ოჰ …ოჰო- თქვა და თითქოს კიდეც ინანა,
მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა
(საბას ხმა როდი წააგავდა კნავილს კატისას);
რაც შეიტანა,- ისევ ის გამოიტანა
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ.

– წვიმა არ არის!-
საბას კაბა დაუსველა რამ?!
– თოვლი არ არის!-
საბას თავი გაუთეთრა რამ ?!
– ყინვა არ არის!- სულხან – საბას აკანკალებს
– რამ დაასველა?!
-რამ დაათეთრა?!
-რა აკანკალებს?!-
საქართველოა მისთვის: წვიმაც, თოვლიც, და ყინვაც!

… მზე ეთხოვება ალბათ, ახლა ტურფა ტანძიას…
ეს სიცხადეა, სულხან – საბავ, თუ ფანტაზია?!
დედის ცრემლები ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს,-
ალვის ჩეროში სტირის დედა შვილს მოტაცებულს,-
სტამბოლში შვილი დედას სტირის,- ჰყიდიან ყმაწვილს
(სჭვრეტენ ჯვარის წინ წმინდა, ნინოს, მუხლზე დაცემულს),

რამდენს აფასებ მაგ პატარას?-ჰკითხა სპარსულად
საბამ სპარსელს და მოუთმენლად ელოდა პასუხს.
უი, ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა!-
წარმოსთქვა ბალღმა,- ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.
არა, პატარავ, ქართველი ვარ, ქართველი, გესმის?!
უი, დედასთან წამიყვანე, წამიყვან, ძია?
საბას ცრემლები მოეძალა,- ატირდა კაცი,-
თავის ბალღობა გაახსენდა, თავის ტანძია.
ვით ეს ყმაწვილი,- საქართველოც,- ასე მცირეა,
საქართველოსაც, ვით ამ ყმაწვილს ასე ჰყიდიან…

საფრანგეთს ვთხოვოთ, გვიშველისო,- სასაცილოა!..
შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰჯიდია
ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი.
მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევდა…

მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო ყიალი?!
გულს ნუ გაიტეხ!- მუხა კვლავაც შეიმოსება!

მუხრან მაჭავარიანი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s